იმის გათვალისწინებით, რომ კიბერდანაშაული წარმოადგენს 21–ე საუკუნის მთავარ გამოწვევას და ასევე კიბერ დანაშაულის კონვენციით აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე, 2012 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო. აღნიშნულ ორგანოს ევალება კიბერ სივრცეში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია.
გარდა ამისა, შსს საექსპერტო–კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს შემადგენლობაში ჩამოყალიბდა კომპიუტერულ–ციფრული ექსპერტიზის ქვეგანყოფილება, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ციფრული მტკიცებულებების პირველად მოპყრობასა და მათ შემდგომ ექსპერტიზას.
2013 წლის ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგია, რომელშიც ცალკე თავად არის წარმოდგენილი კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. აღნიშნულ სტრატეგიას ასევე გააჩნია საკუთარი სამოქმედო გეგმა, სადაც დაზუსტებულია გასატარებელი ღონისძიებები და პასუხისმგებელი ორგანოები. ამჟამად, მოცემული დოკუმენტი დასამტკიცებლად წარედგინილია საქართველოს მთავარობისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ციფრული მტკიცებულებების ამოღების მიმართულებით. უფრო კონკრეტულად, შემუშავდა სტანდარტული ოპერაციული პროცედურები ციფრული მტკიცებულებების პირველადი მოპყრობის შესახებ. მოცემული დოკუმენტები განსაზღვრავს იმ პროგრამულ უზრუნველყოფის სახეებსა და ტექნიკურ წესებს, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს ციფრული მტკიცებულებების დამუშავება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული დოკუმენტის საბოლოო სრულყოფა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი საკუთარი დანაყოფების შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით პოლიციის აკადემიაში შემუშავდა სპეციალური ტრეინინგ მოდულები, რომელიც ფარავს კიბერ დანაშაულთან დაკავშირებულ შემდეგ საკითხებს: ელექტრონული მტკიცებულებების ჩხრეკა და ამოღება, კიბერ დანაშაულის საგამოძიებო ტექნიკა, კიბერ დანაშაულის სამართლებრივი ასპექტები და ა.შ.