სუამ-ის ტერორიზმის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობის და სხვა მძიმე სახის დანაშაულებთან ბრძოლის ვირტუალური ცენტრი არის სუამ-ის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოების საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წლის 4 ივლისის იალტის სუამ-ის ვირტუალური ცენტრის დაარსების შესახებ შეთანხმებით და ფუნქციონირებს სუამ-ის სახელმწიფოთაშორისი საინფორმაციო მართვის სისტემის საფუძველზე.
სუამ-ის ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს საერთო ოპერაციების დროს კომუნიკაციას, ინფორმაციის ანალიზს, მუშაობის ინტერაქტიურ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლას და განსაკუთრებით მნიშვნელოვან დანაშაულთა გამოძიების კოორდინაციას.
სუამ-ის პროექტების საერთო მიზნების შესაბამისად სამართალდამცავმა ცენტრმა უნდა უზრუნველყოს რეგიონალური სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება, რაც შესაბამისობაშია სუამ-ის 2001 წლის იალტის ქარტიის სტრატეგიულ მიზნებთან.
სუამ-ის ეროვნული ცენტრის განვითარების სტრატეგია სახელმწიფოთაშორისი და საერთაშორისო გამოყენებისაა და მასში შედის: თანამშრომლობის მიზნები; იმ საშუალებათა აღწერა, რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული ცენტრის მიზნების განხორციელებას; ეროვნული ცენტრის მიზნების განხორციელების მექანიზმი; სუამ-ის ქვეყნების ეროვნული უწყებათაშორისი ჯგუფების დირექტივები, რომლებიც ეხება მათ ოპერატიულ ვალდებულებებს და სტრატეგიულ მიზნებს.