გასული წლის 1 იანვრიდან ა.წ 31 დეკემბრამდე ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროგაერთიანების ერთობლივი პროგრამა: 'ბრძოლა არასათანადო მოპყრობასთან და დაუსჯელობასთან~. აღნიშნული პროგრამა მონაწილე სხვა ბენეფიციარ ქვეყნებთან ერთად მოიცავს საქართველოს და ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის გამოკვლევებსა და ადამიანის უფლებათა კომისრის დასკვნებში მოცემულ მთავარ საკითხებს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე პოლიციის წინააღმდეგ აღძრული საჩივრების ეფექტურ გამოძიებასთან და იმ ინსტიტუტებთან და პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც უნდა ფუნქციონირებდნენ ევროპის საბჭოს წევრ ყველა სახელმწიფოში იმ მიზნით, რათა მოხდეს რეაგირება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. საქართველოს შესახებ ანგარიში მომზადდა საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რომელიც ითარგმნება და გამოქვეყნდება. ასევე, შემუშავებულ იქნა უნივერსალური სახელმძღვანელოები არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიების ევროპულ სტანდარტებზე. აღნიშნული სახელმძღვანელოები ითარგმნება ადგილობრივ ენებზე და გამოიცემა ერთობლივ პროგრამაში მონაწილე ყველა სახელმწიფოში.
ევროპის საბჭოს/ევროგაერთიანების ერთობლივი პროგრამის: 'ბრძოლა არასათანადო მოპყრობასთან და დაუსჯელობასთან~ ფარგლებში პოლიციის თანამშრომლები და აგრეთვე, მოსამართლეები, პროკურორები და ადვოკატები 2010 წელს გაივლიან ტრენინგებს არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტური გამოძიების ევროპულ სტანდარტებზე.