მსო-ს თბილისის ოფისმა ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო, რომელიც 18 თვეს გაგრძელდება. საქართველოში პროექტის პარტნიორები არიან: ლტოლვილთა და განსახლების სამიისტრო, საგარეო საქმეთა სამიისტრო, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, იუსტიციის სამინისტრო/სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, შინაგან საქმეთა სამინისტრო/საპატრულო პოლიცია, ეკონომიკური განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სახელმწიფო სტატისტიკური დეპარტამენტი. განმახორციელებელი პარტნიორია საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ცენტრი (GFSIS). პროექტი იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის მიზანია საქართველოს და სომხეთის მთავრობათა მხარდაჭერა მიგრაციის მართვის სფეროში პოლიტიკის შემუშავებაში; კერძოდ:
- მიგრაციის ყოვლისმომცველი ტრენინგ-სისტემის შემუშავების პოტენციალის შეფასება ხელისუფლების წარმომადგენელთათვის;
- მიგრაციის ამსახველი მონაცემების შეგროვება, გაცვლა და ანალიზი საკვანძო სამთავრობო უწყებების მიერ;
- მსო-ს მიერ ორ სამიზნე ქვეყანაში შექმნილი მიგრაციის რესურს-ცენტრების ინსტიტუციონალიზაცია.
პროექტის ფარგლებში ორგანიზებული პირველი ფართო ღონისძიება 2009 წლის 25-26 ნოემბერს ერევანში მოეწყო, სადაც მთავრობის, არასამთავრობო სექტორის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ მიგრაციის რესურს-ცენტრების მართვის ეფექტური გზები და სამთავრობო სტრუქტურებისთვის ამ ცენტრების მართვაში დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობები.