შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 6 ივლისს მიწოდებული მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს მიიღო.
დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილებად ითვლებიან. იმ შემთხვევაში, თუ ინტერპოლის წევრ რომელიმე სახელმწიფოში ხსენებული პირების იდენტიფიცირება მოხდება, საქართველოს მიერ ჩატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება მათი საქართველოში ექსტრადიციის, დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით.
შეგახსენებთ, რომ დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით, 25-144 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ქვეპუნქტით. ამის შემდეგ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დააკისრა.
გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.