საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ბელგიის სამეფოში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტემიულერს შეხვდა. შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიც ესწრებოდა.
შს მინისტრმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (NATO) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შს სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, როგორიცაა: სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზება და სახელმწიფო საზღვრის დაცვის უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა; ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის სრულყოფილი ფუნქციონირება; უწყების ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით სამინისტროში ადამიანური რესურსების რეფორმის გატარება; კანონის უზენაესობისა და პოლიციის რეფორმის ფარგლებში, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის მოდელის დანერგვა; საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის ინიციატივის შემდგომი განვითარება; სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს რეფორმირება და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა; საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება; კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა.
შეხვედრის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და ძალისხმევას არ იშურებს ტრანსსასაზღვრო და ორგანიზებული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლაში. გიორგი მღებრიშვილის თქმით, საქართველოს შს სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან შავ ზღვაზე ტრანსსასაზღვრო დანაშაულის აღკვეთის მიმართულებით. ამასთან, შსს-ს თანამშრომლები რეგულარულად მონაწილეობენ ნატო-ს მიერ შემოთავაზებულ სასწავლო პროგრამებში, ფორუმებსა და სამუშაო ჯგუფებში.
გიორგი მღებრიშვილმა და როუზ გოტემიულერმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.