შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს ჰოლგერ მიუნხს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.
როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეებზე გაღრმავდა. 2015 წლიდან საქართველოს შს სამინისტრომ ბერლინში საკუთარი პოლიციის ატაშე წარგზავნა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან. მჭიდროა თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, რიგ შემთხვევებში კრიმინალი სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამდენად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.