შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისმა (UNOPS) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, კიბერუსაფრთხოებისთვის განკუთვნილი თანამედროვე აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა გადასცა.
აღჭურვილობის გადმოცემა პროექტის - „ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“ - ფარგლებში განხორციელდა, რომელიც “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” ინიციატივის ნაწილია.
აღჭურვილობის გადმოცემის ცერემონიას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელის მოადგილე - კატალინ გერმანი და და UNOPS -ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კიბერდანაშაულთან ბრძოლისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა და პროგრამული უზრუნველყოფა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის სწრაფი იდენტიფიცირების, მტკიცებულებების შეგროვების და ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. თანამედროვე აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კიბერდანაშაულის გამოძიების შესაძლებლობებს, რაც თავის მხრივ, დანაშაულის გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდაჭერას. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას.