თბილისში, პეკინის გამზირის N46-ში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ოთხსართულიანი თანამედროვე შენობა კონკურსში გამარჯვებული პროექტის (ავტორი: არქიტექტორი - ნიკოლოზ წულაია) მიხედვით 6 თვეში აშენდა. პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახურის: ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფები განთავსდა. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს კოორდინირებულ, ოპერატიულ და ეფექტურ საქმიანობას, მოქალაქეებისთვის კი ბევრად კომფორტული იქნება. ახალ ადმინისტრაციულ შენობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული სპეციალური პანდუსები აქვს.
აქამდე აღნიშნულ მისამართზე არსებული პოლიციის შენობა მოძველებული იყო, ვერ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებს და ვერ უზრუნველყოფდა შსს-ს თანამშრომლებისთვის მუშაობის შესაბამის სტანდარტებს. ასევე, შენობა-ნაგებობის კონსტრუქციის მდგრადობა, ექსპერტიზის დასკვნით, 50-60% იყო შემცირებული და მისი გამაგრებითი სამუშაოების წარმოება მიზანშეწონილი არ იყო, ვინაიდან წინასწარი შეფასებით, აღნიშნული სამუშაოები ახალი მშენებლობის ტოლფასი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, 2014 წლის იანვარში დაიგეგმა არსებული შენობის დემონტაჟი და ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა.