2014 წლის 23-27 ივნისს თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, აზიისა და კავკასიის რეგიონალური ბიოუსაფრთხეობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება. აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებულია ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქვე-დირექტორატის (CBRNE) ბიოტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი დანაყოფის (BTPU) და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლობით.
სამუშაო შეხვედრა სიტყვით გახსნა საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს სამმართველოს უფროსმა გიორგი მეზვრიშვილმა. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ გაი კოლიე – ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური, ბირთვული და ასაფეთქებელი ნივთიერებების ქვე-დირექტორატის ხელმძღვანელი, ნაიჯელ ლაითფუტი – დაავადებათა რეგიონალური კვლევის მაკავშირებელი ორგანიზაციების აღმასრულებელი დირექტორი, მაურინ ელისი – ბიოუსაფრთხოების ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი, პაულა ოსტინი – სანდიას ეროვნული ლაბორატორიის მეცნიერ-ექსპერტი, უილიამ სო – აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს ექსპერტი, მალკოლმ დანდო – ბრედფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მშვიდობის დარგში.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამართალდამცავი, ჯანმრთელობის დაცვის, შსს-ს აკადემიისა და ბიოუსაფრთხეობის უწყებების წარმომადგენელთა შეკრება.
სემინარში მონაწილეობას საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ირანის, ავღანეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები იღებენ.