შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ თანაორგანიზებით, წყალდიდობისას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სისტემის სიმულაციური ჩვენება განახორციელა. სწავლება პროექტის „წყალდიდობის საწინააღმდეგო ადრეული გაფრთხილება და პრევენცია საქართველოში, მდინარეების კაბალისა და დურუჯის განსაკუთრებული გათვალისწინებით“ ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული სცენარის მიხედვით ჩატარდა. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლონეთის დახმარების და განვითარების პროგრამის ფარგლებში. ტრენინგი თეორიული, პრაქტიკული და შემაჯამებელი ნაწილებისგან შედგებოდა.
მდინარე დურუჯის ხეობის ჰიდრომეტეოროლოგიური, მორფოლოგიური და გეოლოგიური მახასიათებლები ღვარცოფული პროცესების პერიოდულად გააქტიურებას განაპირობებს. შესაბამისად, სწავლება მოსალოდნელ საფრთხეზე კოორდინირებული რეაგირების დახვეწის მიზნით ჩატარდა.
ტრენინგს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“, საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს, საერთაშორისო დახმარების პოლონეთის ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ყვარლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.