შსს-ს აკადემიაში, ევროკავშირის ინიციატივის – „ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) რისკების შემცირების გამოცდილების გაზიარების ცენტრები“ – ფარგლებში, პროექტის მართვის ორდღიანი რეგიონული სემინარი გაიმართა. ღონისძიებას ევროკავშირის ექსპეტრები უძღვებოდნენ და მასში მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები იღებდნენ. სემინარში, ასევე, რეგიონალული მასშტაბით მოლდოვას, უკრაინისა და სომხეთის შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
სემინარი მიზნად ისახავდა ევროკავშირის ამ ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და სამომავლო პროექტების იმპლემენტაციასა და მონიტორინგში ჩართული პერსონალის უნარჩვევების განვითარებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებით ქბრბ უსაფრთხოების სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა პროექტი 44 –„ქბრბ საფრთხეებზე (ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფები) პირველადი მორეაგირეების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში, სომხეთსა და მოლდოვაში“, რომელიც 2015 წელს დაიწყო. პროექტი მიზნად ისახავს ქბრბ ინციდენტებზე ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფას, პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესებას, როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ დონეზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მორეაგირე უწყებების სათანადო აღჭურვილობით უზრუნველყოფა, შესაბამისი ტრენინგებისა და საწვრთნელი ვარჯიშების (მათ შორის სამაგიდო ვარჯიშების) ჩატარება, რეაგირების სფეროში არსებული ნორმატიული ბაზის დახვეწა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის საიმპლემენტაციო ფაზა. რეგიონული სემინარიც სწორედ ამ ფაზის წარმატებით განხორციელებას ემსახურება.