შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 245 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი მერაბ მალანია, ასევე ამავე დეპარტამენტის და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ახალწვეულთა ოჯახის წევრები. ცერემონიის დასრულებისას წვევამდელები მამა ანდრეამ დალოცა.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. წვევამდელები ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.