შინაგან საქმეთა სამინისტროში, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით, კონტეინერების კონტროლის პროგრამის მმართველი საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა უკვე არსებული გამოცდილება განიხილეს და პროექტის ფორმატის გაფართოვებაზე ისაუბრეს. საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში შეიქმნება კონტეინერებით მოძრავ ტვირთებზე კონტროლის ახალი ჯგუფი, რაც თბილისში შემოსულ ტვირთებზე კონტროლს და უსაფრთხოებას გააძლიერებს.
გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის მხარდაჭერით საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოს კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაში, ამოქმედებულია კონტეინერების კონტროლის პროგრამა. პროგრამის მიზანია კონტეინერებით მოძრავ ტვირთებზე რისკ-ფაქტორების შეფასება, დაკვირვება, საჭიროების შემთხვევაში, მათი გახსნა და გადამოწმება. 2012 წლიდან ფოთის პორტში შექმნილია სპეციალური დანაყოფი, რომელიც შედგება შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებისგან. აღნიშნული დანაყოფი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეციალური მეთოდიკის გამოყენებით უკვე 2 წელია სარისკო ქვეყნებიდან შემოსული კონტეინერების კონტროლს აწარმოებს.