შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის სახელმწიფო კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. კანონმდებლობის შესაბამისად, კომისიის შემადგენლობაში არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შსს-ს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ანგარიში წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის ოქტომბერში, ისევე, როგორც წინა თვეებში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, ე.წ. „ბიო“-ს საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მხოლოდ ერთი ფაქტი დაფიქსირდა ოქტომბერში, რაც სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტურობაზე მიუთითებს.
სხდომის წევრებმა სახელმწიფო კომისიის მეორე ყოველკვარტალური ანგარიშის მომზადების საკითხზეც იმსჯელეს. აღნიშნული ანგარიშის მიზანია ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი და მოსახლეობის წინაშე ამ კუთხით სახელმწიფოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.
კომისიის წევრებმა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების წინააღმდეგ ბრძოლაში უწყებათაშორის მჭიდრო თანამშრომლობის როლის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ აღნიშნეს.