შინაგან საქმეთა სამინისტროში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძემ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა „სოლიდარობის ფონდის“ პრეზენტაცია გამართეს. პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლევან იზორია, დავით ხუციშვილი და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთია იმ სახელმწიფო უწყებებს შორის, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი ფონდის საქმიანობაში იღებს მონაწილეობას.
პრეზენტაციის მიზანია „სოლიდარობის ფონდის“ იდეის შესახებ საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება და აღნიშნულ პროექტში მათი ჩართულობა. „სოლიდარობის ფონდი“ მიზნად ისახავს, საზოგადოების, კერძო სექტორის და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები, სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის არასაბიუჯეტო, ალტერნატიული რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფას და პრიორიტეტულ, სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას. ფონდი ორიენტირებულია ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი, ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. „სოლიდარობის ფონდში“ პირველი შენატანი შსს-ს თანამშრომლებმაც განახორციელეს.