შინაგან საქმეთა სამინისტროში „თავისუფლების ქარტიის“ კანონის საფუძველზე შექმნილი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. კომისია დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებითა და საქართველოს პარლამენტის ყველა ფრაქციის თითო წარმომადგენლით.
კომისიის მიზანია „თავისუფლების ქარტიის“ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე შეზღუდვები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ფარულად თანამშრომლობდნენ ყოფილი სსრკ-ს სპეციალურ სამსახურებთან და უარი განაცხადეს დამოუკიდებელი საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობაზე, ან საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში თანამშრომლობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. ასევე, დაუწესოს შეზღუდვა იმ პირებს, რომლებსაც სსრკ-ს დროს ეკავათ მაღალი პოლიტიკური და პარტიული თანამდებობები. კომისიის ფუნქციაა ფაშისტური და კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიების, სიმბოლიკების და პროპაგანდის აკრძალვა.
პირველ სხდომაზე კომისის სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტული მიმართულებები განისაზღვრა. კომისიის წევრებმა ასევე განიხილეს „თავისუფლების ქარტიის“ კანონით განსაზღვრული სხვადასხვა საკითხები.