2014 წლის 28 აპრილიდან პირველი მაისის ჩათვლით, ქ.ბრაშოვში (რუმინეთი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული PPRD East-ის პროგრამის (კატასტროფების პრევენცია, მათზე მზადყოფნა და რეაგირება) ეგიდით გაიმართა სემინარი, რომელშიც საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღეს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა. სემინარის მუშაობაში საქართველოს დელეგაციის გარდა მონაწილეობას ღებულობდნენ PPRD East-ის პროგრამაში ჩართული მონაწილე ქვეყნების: აზერბაიჯანის, ბელარუსიის, მოლდოვის, სომხეთისა და უკრაინის დელეგაციები, რომელთა შემადგენლობაშიც შედიოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვისა და გარემოს დაცვის სფეროში მოღვაწე ხელმძღვანელი პირები და ექსპერტები. სემინარის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სახიფათო ობიექტების კატეგორიას მიკუთვნებული საწარმოების მიმართ, ევროკავშირის დირექტივის – „SEVESO“ მიერ წაყენებული მოთხოვნების განხილვა.
სემინარში მიღებული ცოდნა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება აღნიშნულ საკითხებში მნიშვნელოვანია საქართველოში „SEVESO“ დირექტივის მოთხოვნების თანმიმდევრულ დანერგვაში, რაც თავის მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს.