შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი და ამავე დეპარტამენტის საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თანამშრომლობის ცენტრის უფროსი ლევან ჩიკვაიძე აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების მოხმარების კონტროლის ადმინისტრაციის (DEA – Drug Enforcement Administration) უფროს მიშელ ლეონჰარტს, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე თომას ჰარიგანს და ამერიკელ კოლეგებს ქალაქ ნიუ-იორკში 2 სექტემბერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა 11 ივლისს საქართველოში ამოღებული უპრეცედენტო ოდენობის ნარკოტიკული საშუალება – 2,7 ტ თხევადი ჰეროინის საქმე იყო. სახმელეთო გზით ამ ოდენობის თხევადი ჰეროინის გადაზიდვის გამოვლენით და აღკვეთით, საქართველო მსოფლიოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ მებრძოლი მოწინავე ქვეყნების რიგებს შეუერთდა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორ უწყებას შორის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციის, საერთაშორისო ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები. ქართულმა დელეგაციამ მასპინძლებს მადლობა გადაუხადა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.