შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი, ამავე დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ძაგნიძე და საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკის შსს-ს ეროვნულ პოლიციას ეწვივნენ. შეხვედრას ორგანიზება საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშე ლაშა მედულაშვილმა გაუწია.
საქართველოს დელეგაციას ოფიციალური შეხვედრების დროს მასპინძლობდა საფრანგეთის რესპუბლიკის შსს-ს ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური სამმართველოს დირექტორი მიღეილ ბალესტღაზი, მისი მოადგილე ფრედერიკ ვო, ამავე ცენტრალური სამმართველოს ორგანიზებული და ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე ფილიპ ვერონი, საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი ჟან-ჟაკ კოლომბი, კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი კატრინ შამბონი და პარიზის პოლიციის პრეფექტურის კრიმინალური პოლიციის რეგიონალური სამმართველოს დირექტორის მოადგილე ფილიპ ბუჟო.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარის ინიციატივით, პირველად შედგა ორი ქვეყნის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი პირების ოფიციალური შეხვედრა. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ყველა იმ თემას, რომელიც რელევანტურია საქართველოს სამართალდამცავი უწყებისთვის ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხი ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოტიკების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და კიბერუსაფრხოების მიმართულებით.
საქართველოს პოლიციას ფრანგმა კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს ბოლო დროს გაძლიერებული საპოლიციო თანამშრომლობისათვის და განსაკუთრებულად აღნიშნეს ქართული პოლიციისადმი გაჩენილი ნდობის შესახებ, რაც ასევე გააძლიერა 2014 წლის სექტემბრის თვეში საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს, ბ-ნი ლაშა მედულაშვილის წარგზავნამ ქალაქ პარიზში და „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შიდა უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ“ 2009 წელს ხელმოწერილი შეთანხმების 2014 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შესვლამ. ვიზიტის საპასუხოდ, ფრანგი კოლეგები საქართველოს უახლოეს ხანში ესტუმრებიან.