შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას. მოზარდთა უკეთ ინფორმირების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად თბილისის 208-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. შსს-სა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი, ერთობლივი, სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს სოციალურმა მუშაკმა რუსუდან ბაინდურაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ეკა კენჭაძემ, ამავე სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს წარმომადგენლებმა მაკა ციყელაშვილმა და თამარ ჟღენტმა უფროსკლასელებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
სამუშაო ჯგუფის წევრები მოზარდებს ოჯახში ძალადობის სხვა საკითხებთან ერთად ესაუბრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესულ ცვლილებებზე, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა დანაშაულია, ხოლო მოძალადე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები უჩვენეს და განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს. მოზარდებმა დასვეს არაერთი საინტერესო შეკითხვა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. ამ პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯერ ინფორმირება და შემდეგ მათი ჩართულობა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით საზოგადოება ნათლად გააცნობიერებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები პასუხს კანონით აგებენ.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში.