თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“, პროექტ „თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით - პრაღის პროცესის სამოქმედო გეგმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში, საზღვრის მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა. პროექტი ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული. შეხვედრა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ტარდება და ორ დღეს გაგრძელდება.
სამუშაო შეხვედრა მიზნად ისახავს საზღვრის მართვის სფეროში სხვადასხვა ქვეყნის სასაზღვრო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
შეხვედრაში მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე, საზღვრის მართვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო მოხელეები აზერბაიჯანიდან, ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ექსპერტები.
პროექტს ახორციელებენ ლატვიის სახელმწიფო საზღვის დაცვა, პოლონეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვა, რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენგენის დირექტორატი, სლოვაკეთის პოლიციის პრეზიდიუმის საზღვრისა და უცხოელთა პოლიციის ბიურო და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თაოსნობით. პროექტი ხელს შეუწყობს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში სტრატეგიულ და სამოქმედო თანამშრომლობის გაძლიერებას, ძირითადად, არალეგალური მიგრაციის აღმოფხვრისა და საზღვრის ეფექტური მართვის სფეროში.