შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებულ, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალურ კამპანიას – „არა ძალადობას!“ ამჯერად სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები გაეცნენ. შეხვედრა ივანე სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართა და მას შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები დაესწრნენ.
შსს-ს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა, განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა ახალგაზრდულ საკითხებში ოთარ აბესაძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნილი ქსელის“ ფსიქოლოგმა ელენე სამუშიამ, ასევე ფსიქოლოგებმა თამარ ისაკაძემ და თეა გოგოტიშვილმა სტუდენტებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს. შეხვედრას სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და სამხატვრო აკადემიის რექტორი გია გუგუშვილი დაესწრნენ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებები გააცნეს და განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია და ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუდენტებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები აჩვენეს. აღნიშნული ვიდეო რგოლების მიზანი საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს. მოძალადეებმა უნდა მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შეხვედრის ბოლოს სოციალური კამპანიის სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და მათი მოსაზრებები მოისმინეს.
შსს-მ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ და ამ პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით მოხდება საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები კანონით ისჯებიან.
კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება.