საერთაშორისო პროგრამა „GE CALLS“-ის (საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის) შემაჯამებელი კონფერენცია – „სკოლის, პოლიციისა და თემის თანამშრომლობა დანაშაულის პრევენციისთვის“ სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა. კონფერენციას საერთაშორისო ორგანიზაცია „PH-International“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს და შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა, ასევე, სამხარეო მთავარი სამმართველოების და ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.
მონაწილე მხარეებმა განიხილეს პროგრამის ძირითადი კომპონენტები: სასკოლო პრევენციული პროგრამები, სათემო ინიციატივების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნით, განრიდებისა და მედიაციის პროგრამის განვითარების ხელშეწყობა. კონფერენციის მონაწილეებმა ისაუბრეს „GE CALLS“-ის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე და განიხილეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების დადებითი და უარყოფითი მხარეები.
პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლმსაჯულების საკითხების შესახებ მოზარდთა ინფორმირებულობის გაზრდის და მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სამართალდამცველებს შორის ნდობის ჩამოყალიბების გზით.
კონფერენციის დასასრულს აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ კლიპის პრეზენტაცია გაიმართა.