შინაგან საქმეთა სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სპეციალურად შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრებმა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის – „არა ძალადობას!“ ფარგლებში შეხვედრა გამართეს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ღონისძიებას პირადად დაესწრო.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა: შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსმა ბესო მირიანაშვილმა, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილეებმა გიორგი გიორგაძემ და ხვიჩა ჩიხლაძემ, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ფილიპე ადეიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ეკა კენჭაძემ, ფონდ "სოხუმი"-ს და არასამთავრობო ორგანიზაცია "ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი"-ს წარმომადგენლებმა ლელა ჯალაღონიამ, ნატო ჩხორტოლიამ, თეა გოლეთიანმა და ია კვარაცხელიამ სტუდენტებს და მოსწავლეებს კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს.
შსს-ს წარმომადგენლებმა ძალადობის შემთხვევების დროს სამართალდამცველების როლზე ისაუბრეს. ახალგაზრდებს ასევე განუმარტეს, რომ ძალადობა დასჯადია და ხაზგასმით აღნიშნეს სამართალდამცველებთან მოქალაქეთა თანამშრომლობის აუცილებლობა, რათა მათ შეძლონ ძალადობის აღკვეთა და მსხვერპლის დახმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შსს-ს ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ახალგაზრდებს განუმარტეს, რომ ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო ოჯახში ძალადობა უკვე 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე კამპანიის ფარგლებში შექმნილი მუსიკალური კლიპის და სოციალური რგოლების ჩვენება გაიმართა, რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს, მოძალადეებმა კი მიიღონ გაფრთხილება, რომ ოჯახში ძალადობა თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ღონისძიების დასასრულს გაიმართა დისკუსია და შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
შსს-მ სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრები თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში ყოველდღიურად იმართება. შეხვედრების მიზანია მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება და პრობლემის დასაძლევად საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობის ხაზგასმა.