შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ ანტინარკოტიკულ კამპანიას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „საქართველოს განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრი“ შეუერთდა. სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარეს კონფერენცია – „საქართველო ნარკოტიკებისა და ნარკომანიის გარეშე“. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი სოფო კილაძე და ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე დაესწრნენ.
სტუდენტებმა კონფერენციაზე ანტინარკოტიკულ თემაზე მომზადებული რეფერატები წარადგინეს და დისკუსია გამართეს. სოფო კილაძემ სტუდენტებს განუმარტა, რომ 2014 წლის 1 მაისიდან ძალაში შევიდა კანონი „ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შესახებ“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა. აღნიშნული კანონის თანახმად, იკრძალება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანა ან უკანონოდ გატანა, შესაბამისად, მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის წესით ისჯება. სტუდენტებს ე.წ. „ბიო“-ს მოხმარების მავნე ზეგავლენის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ესაუბრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია 24 მარტს დაიწყო. კამპანიის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, მიზანი კი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და საზოგადოების ინფორმირებაა. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ქვეყნის ყველა რეგიონში იმართება.