საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანელმა ექსპერტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ჯეიმს მერდოკმა, დროებითი მოთავსების იზოლატორებისთვის სტანდარტული ოპერატიული პროცედურების შემუშავების მიზნით, თბილისის მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორი მოინახულა, არსებული ვითარება ადგილზე შეისწავლა და განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო.
ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორების დერეფნებში დამონტაჟდა ვიდეოკონტროლის სისტემები, ანტივანდალური სანტექნიკა და დღე-ღამის რეჟიმის სანათები, რითიც დაკავებულის მიერ თვითდაზიანების ან თანამესაკნისთვის დაზიანების მიყენების შესაძლებლობა გამოირიცხა. თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, იზოლატორების თანამშრომლებისთვის შეიქმნა ახალი მოხერხებული და ადაპტირებული სამუშაო ფორმა. აქტიურად მიმდინარეობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის დროებითი მოთავსების იზოლატორების ადაპტაციის პროცესი. დაკავებულები ასევე უზრუნველყოფილნი არიან შეუზღუდავი სამედიცინო მომსახურებით. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეხვდნენ ექიმს, მიიღონ სამედიცინო კონსულტაციები და რეკომენდაციები.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დროებითი მოთავსების სხვა იზოლატორების დათვალიერებაც. ვითარების დეტალურად გაცნობის შემდეგ ჯეიმს მერდოკი შესაბამის რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ბრიტანელი ექსპერტი პროცედურების დოკუმენტს შსს-ს თანამშრომლებთან ერთად შეადგენს. შემუშავებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების საფუძველზე, შსს-ს აკადემიაში დაინერგება ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების სასწავლო პროგრამები. განხორციელებლი რეფორმების შედეგად, 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.