შინაგან საქმეთა სამინისტრო
  • მთავარი გვერდი
  • ახალი ამბები
  • შსს-ს თანამშრომლებმა სამეგრელოში ორი მოქალაქე გადაარჩინეს
05-07-2017

შსს-ს თანამშრომლებმა სამეგრელოში ორი მოქალაქე გადაარჩინეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა და სასაზღვრო პოლიციის პილოტებმა, ერთობლივად წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი მოქალაქე ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს.

შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ ,,112’’-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამეგრელოში, სოფელ ხაბუმესთან, მდ. ხობისწყლის ადიდების შედეგად, ორი მოქალაქე მდინარეში ხელოვნურად შექმნილი კუნძულიდან ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

ზუგდიდის, ხობისა და ჩხოროწყუს სახანძრო-სამაშველო განყოფილების სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. რთული რელიეფური პირობებისა და ჩქარი დინების გამო, საჭირო გახდა სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პილოტის, პოლიციის მაიორის, ბესიკ გაბიანის ხელმძღვანელობით, ვერტმფრენის ეკიპაჟმა ურთულესი სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა. ორივე მოქალაქე ამჟამად უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.