შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს თბილისის N60 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოაწყვეს. მოსწავლეებს ასევე გააცნეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი, დაათვალიერებინეს მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი. მოზარდები გაეცნენ წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს (ბარიერების გადალახვა, კედელზე დაშვება, საბრძოლო ილეთები, ტირი). შს სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია მოზარდების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეთა კანონით გათვალისწინებული უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით, 1 მაისიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.