შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტ „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს თბილისის N55 საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.
განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი, დაათვალიერებინეს მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი. მოზარდები გაეცნენ წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს (ბარიერების გადალახვა, კედელზე დაშვება, საბრძოლო ილეთები, ტირი). ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში როგორც დედაქალის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.