შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით განაგრძობს კამპანიას სახელწოდებით "მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა სკოლებისთვის", რომელიც მიზნად ისახავს მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას. შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა N130 საჯარო სკოლის უფროსკლასელებს უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მერაბ მალანია, ამავე ცენტრის ადმინისტრაციის უფროსი რუსუდან კასრაძე და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა წარმომადგენლები.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ამავე სამმართველოს ბაზაზე რიგითი ჯარისკაცის ყოველდღიური ცხოვრების წესი გააცნეს. დაათვალიერებინეს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურების საცხოვრებელი, სავარჯიშო დარბაზები, ბიბლიოთეკა, სასწავლო და საწვრთნელი ინფრასტრუქტურა. მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ჯარისკაცთა საწვრთნელ ვარჯიშებს, სამწყობრო გადაადგილებასა და სპორტულ ღონისძიებას. სტუმრებისთვის სპეციალურად მოეწყო სამხედრო აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხი გასცეს.
კამპანიის ფარგლებში, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა თბილისის რამდენიმე საჯარო სკოლას უმასპინძლა. აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონებშიც იგეგმება. სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრი განაგრძობს მონაწილეობას კამპანიაში, რომელიც ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას ემსახურება.