შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი იაგო საური, გორის რაიონული სამმართველოს უფროსი, ქარელის რაიონული სამმართველოს უფროსი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, გორის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. მათ უფროსკლასელებს ე.წ. ბიონარკოტიკის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია გააცნეს და საინფორმაციო ვიდეორგოლები უჩვენეს. შეხვედრას, შსს-ს წარმომადგენლებთან ერთად, ექიმი-ნარკოლოგი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ესწრებოდნენ, რომლებმაც მოსწავლეების კითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩვენებაც მოეწყო, რომლის მეშვეობით სკოლის მოსწავლეებმა ე.წ. „ბიო“-ს მოხმარებისთვის დამახასიათებელი პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყვეს და აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების გამოძახების აუცილებლობაზე ინფორმაცია მიიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანტინარკოტიკული კამპანია, რომლის სლოგანია „ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, 24 მარტს დაიწყო. კამპანია ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენციას და საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად. ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.