შსს-ს სასაზღვრო პოლიციას მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი – პოლკოვნიკი დორინ პურიჩე და დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნები ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია შეხვდა სასაზღვრო პოლიციის უფროსს ს/პ გენერალ-მაიორ ზურაბ გამეზარდაშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა შსს-ს სასაზღვრო პოლიციისა და მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების პრეზენტაცია გამართეს. შეხვედრაზე ხელი მოეწერა 2016-2017 წლების თანამშრომლობის გეგმას, რომელიც საზღვრის დაცვის დარგში ურთიერთდახმარებას, ექსპერტების დონეზე ინფორმაციის გაცვლას, წრთვნისა და გადამზადების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების პროფესიონალიზმის გაუმჯობესების მიზნით, სასწავლო ხასიათის კურსებს, შეხვედრებსა და სემინარებს ითვალისწინებს. მოლდოვის რესპუბლიკის სასაზღვრო უწყების დელეგაცია საქართველოს დღეს დატოვებს.