შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, მეორე სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - 1983 წელს დაბადებული აიქუთ ო. და 1956 წელს დაბადებული ნაზიმე შ, საქართველოს ორი მოქალაქე - 1975 წელს დაბადებული მალხაზ შ. და 1980 წელს დაბადებული ნათია ბ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მალხაზ შ-ს კუთვნილი ავტომანქანით, რომლის საბარგულშიც ნათია ბ. და ნაზიმე შ. ჩვილ ბავშვთან ერთად იმყოფებოდნენ, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.
ჩვილი - ჯემტურა შ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მოათავსეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.