შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს ყალბი სამგზავრო დოკუმენტების აღმოჩენის, გამოვლენის და მეორადი ინსპექტირების სასწავლო კურსების წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ. სერტიფიკატების საზეიმო გადაცემის ცერემონიალს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მამულაშვილი დაესწრნენ. ოთხდღიანი სწავლება აშშ-ს საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული.
ტრენინგი აშშ-ს საელჩოს სახელმწიფო დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურმა აგენტმა ჯეისონ ფისტნერმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური უსაფრთხოების ბიუროს სპეციალურ საქმეთა გამომძიებელმა დავით ქაჯაიამ ჩაატარეს.
სწავლება სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმის პორტში და სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მომსახურე საპატრულო პოლიციის 150-მდე თანამშრომელმა მიიღო. სწავლება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგებოდა, რომლის ფარგლებში ყალბი სამგზავრო დოკუმენტების გამოვლენის, მეორადი ინსპექტირების და პიროვნების იდენტიფიცირების კუთხით ქართველმა სამართალდამცველებმა კვალიფიკაცია აიმაღლეს.