შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1987 წელს დაბადებული დავით თ. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე პატრულირებისას, კაფე „კოფეინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი შენიშნეს. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ერთ-ერთ პიროვნებას სხეულზე ცივი იარაღით დაზიანება ჰქონდა მიყენებული. დაჭრილი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით).