შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებთნ ერთად ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ოპერაციების მენეჯერის მოადგილე პატრიკ ვან დე კოევერინგს და მეკავშირე ოფიცერ მარის დომინს შეხვდა.
შეხვედრაზე 15 აპრილს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის რაიონის სოფელ აძვში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ტე-ვე 3“-ის ჟურნალისტების დაკავების ინციდენტი და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, საოკუპაციო ზოლში არსებული ვითარება განიხილეს.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გოჩა რატიანმა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დელეგაციასთან საუბარში დააფიქსირა, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ქართული თავისუფალი მედიის წარმომადგენლების დაკავება არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მყისიერი რეაგირებაა საჭირო მათ გასათავისუფლებლად.