შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაში - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“, საკუთარი ინიციატივით, სკოლა-ლიცეუმი „პრომეთე“ და სკოლა-პანსიონი „IB მთიები” ჩაერთვნენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სპეციალურად გადამზადებულმა თანამშრომლებმა აღნიშნული სკოლების უმცროსკლასელებს საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილები ჩაუტარეს. მათ მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დეტალურად გააცნეს, ასევე, ქვეითთა უფლებებსა და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ.
პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მეოთხე-მეხუთე კლასის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.