შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშვნას შეუერთდა. აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს მეხანძრე-მაშველებმა, სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლეს.
სტუმრები სიმულაციურ სწავლებას და საპნის ბუშტების საჩვენებელ შოუს დაესწრნენ. პატარებმა ხელის ანაბეჭდებით სასურველი ნახატებიც დახატეს.
სამწყობრო მოედანზე მოეწყო გამოფენა, სადაც გასულ წელს აუტიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფოტოები და სააგენტოს კუთვნილი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო წარმოდგენილი.
მეხანძრე-მაშველებმა ბავშვები მულტიპლიკაციური ვიდეომასალით დაასაჩუქრეს, სადაც დეტალურად არის აღწერილი სხვადასხვა ტიპის კატასტროფის დროს მოქცევის წესები.
ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა და მასპინძლებმა ჰელიუმის ბუშტებით ცაში გზავნილი გაუშვეს: ,,მეხანძრე-მაშველები აუტიზმისთვის“.