შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა - ზვიად ქაწაშვილმა 20-22 აპრილს, ქ. ტუნისში სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) აღმასრულებელი საბჭოს 48-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ორგანიზაციის 22 წევრი ქვეყანა ესწრებოდა. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველომ, როგორც ICDO-ს აღმასრულებელი საბჭოს წევრმა ქვეყანამ, პირველად მიიღო მონაწილეობა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა აღნიშნულ ღონისძიებაზე კოლეგებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის მიმართვა წარუდგინა. აღნიშნული მიმართვა შემდეგ საკითხებს მოიცავდა: საქართველოსა და ICDO-ს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, საკანონმდებლო ბაზა, ასევე, ქბრბ უსაფრთხოების ნაციონალური სტრატეგია, ICDO-ს მხარდაჭერა სააგენტოს მიმართ. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა ICDO-ს ორგანიზებით განხორციელებულ თეორიულ და საველე სწავლებებსა და ორგანიზაციის მიერ სააგენტოს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობით უზრუნველყოფას.
48-ე სესიაზე, ICDO-ს საერთაშორისო მონიტორინგისა და კოორდინაციის ცენტრსა და სხვადასხვა კატასტროფების მართვის ცენტრებს შორის ვიდეოკონფერენცია ჩატარდა. სესიის მეორე დღეს მონაწილეებმა განიხილეს ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი მიდგომები, როგორიც არის დისტანციური სწავლება, სამოქლაქო თავდაცვის მოდელირების სისტემები და სხვა. სესიის ბოლო დღეს ტუნისის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურმა ხანძარსაწინააღმდეგო უნარებისა და სხვა სამაშველო ღონისძიებების დემონსტრირების მიზნით, საველე ვარჯიშები ჩაატარა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ვიზიტის ფარგლებში, ტუნისის პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა. მან, ასევე, სამუშაო შეხვედრები გამართა კოლეგებთან საუდის არაბეთიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან.
ზვიად ქაწაშვილი ICDO-ს აღმასრულებელი საბჭოს პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდაცვის სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.