შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დარიალის ხეობაში, საავტომობილო გზაზე, მეწყერის შედეგად ჩამოშლილი ქანობის მასის ქვეშ მოყოლილი კიდევ ერთი სატვირთო ავტომანქანა აღმოაჩინეს. საავტომობილო გზის ნაშალი მიწისგან გაწმენდის შედეგად მაშველებმა სატვირთო მანქანის ნაწილები ამოიღეს და, სავარაუდოდ, ავტომანქანის მძღოლის ცხედარს მიაგნეს. სხეულის დაზიანებების გამო პიროვნების ამოცნობა შეუძლებელია. ნაპოვნი სატვირთო მანქანის აღწერილობა და მონაცემები გადაეცა კრიზისების მართვის საბჭოს საგანგებო შტაბს. მიმდინარეობს მძღოლის იდენტიფიცირება. ამ დროისთვის დაკარგულად ითვლებოდა 6 პირი. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო სამუშაოები 5 პიროვნების საპოვნელად.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ დღემდე ჩატარებული საძიებო-სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დარიალჰესის გვირაბში ნაპოვნია 1 სატვირთო ავტომანქანა და 1 ტრაქტორი, საავტომობილო გზის გაწმენდის შედეგად – 5, ხოლო ნაშალი მიწის 15 მეტრის სიღრმიდან 1 სატვირთო ავტომანქანა ამოიტანეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.