შსს-ს მომსახურების სააგენტოს აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის დირექტორი კრის ვიგინტონი, დირექტორის მოადგილე ტონი ჰაიტაუერი და აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მრჩეველი პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერი ეწვივნენ.
სტუმრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და არსებული სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. აშშ-ს დელეგაციის წევრები მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების, ასევე, სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების პროცესს გაეცნენ. მომსახურების სააგენტოში მათ ის ინოვაციური პროექტებიც წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება.
აშშ-ს ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ერთკვირიანი ოფიციალური ვიზიტით შსს-ს აკადემიას სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტებში იმყოფებოდნენ. ამერიკელი სტუმრები შს სამინისტროს დანაყოფების მუშაობის პროცესს და განხორციელებულ რეფორმებს ადგილზე გაეცნენ.