შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის ინიციატივით დაწყებული, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სოციალური კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო შეხვედრა ამჯერად 102-ე საჯარო სკოლაში გაიმართა. მოსწავლეებს სპეციალურად შექმნილი, შს სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის წევრები: შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ოთარ ჯავახაძე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ეკატერინე დგებუაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი“-ს წარმომადგენელი რუსუდან ბაიდურაშვილი კამპანიის შესახებ ესაუბრნენ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა მოსწავლეებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანიის მიზანი და მნიშვნელობა გააცნეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით კანონში შესული ცვლილებების შესახებ ისაუბრეს. 2013 წლიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც მოხდა ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაცია. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ოჯახში ძალადობა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
შეხვედრაზე მოსწავლეებს კამპანიის ფარგლებში შექმნილი სოციალური რგოლები უჩვენეს და განუმარტეს, რომ ოჯახში ძალადობის ფაქტების შემთხვევაში უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე: „112“ ან მიმართონ უბნის ინსპექტორს. მოზარდებმა დასვეს არაერთი საინტერესო შეკითხვა, რომელზეც სამუშაო ჯგუფის წევრებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სოციალური კამპანია „არა ძალადობას!“ 25 ნოემბერს დაიწყო. კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის შესახებ. ამ პრობლემის დასაძლევად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯერ ინფორმირება და შემდეგ მათი ჩართულობა. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით საზოგადოება ნათლად გააცნობიერებს, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს კანონი იცავს, ხოლო მოძალადეები პასუხს კანონით აგებენ.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ინტენსიურად გაგრძელდება თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა საშუალო სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში.