საქართველოს საავტომობილო ფედერაციის და „Auto Bild საქართველო“-ს ორგანიზებით, წლის შემაჯამებელი საავტომობილო ღონისძიება „ოქროს საჭე 2014“ გაიმართა. ღონისძიებაზე მოხდა ავტოსპორტში საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულთა დაჯილდოვება და 2014 წლის საუკეთესო ავტომობილების გამოვლენა.
წლის ყველაზე მნიშვნელოვან საავტომობილო მოვლენაზე კონკურსანტთა შორის იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპორტული გუნდი "MIA Force" და საპატრულო პოლიციის სახელით მოასპარეზე გუნდი "BFT Racing". ორივე გუნდი მთელი წლის განმავლობაში წარმატებით გამოდიოდა საქართველოს ჩემპიონატის ყველა ეტაპზე. დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი ჭანტურია. მათ გამარჯვებულებს გამარჯვება მიულოცეს და წარმატება უსურვეს.
"MIA Force"-მა "ოქროს საჭე 2014"-ზე სულ ოთხი ჯილდო მოიპოვა. გუნდმა "ლეგენდის" კლასის ავტომობილებით რბოლაში გუნდური მესამე ადგილი, ხოლო "Formula Alfa"-ს კლასში მეორე ადგილი დაიკავა. "MIA Force"-ის მრბოლელი დათა ქაჯაია კი საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატებისთვის საავტომობილო ფედერაციისგან სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა. მან კიდევ ერთი ჯილდო - "ლეგენდის" კლასში ინდივიდუალურ ჩათვლაში მე-2 ადგილი მოიპოვა.
რაც შეეხება საპატრულო პოლიციის სახელით მოასპარეზე გუნდ "BFT Racing"-ს, მათ საქართველოს ჩემპიონატში წრიულ რბოლაში, "ლეგენდის" კლასის ავტომობილებით რბოლაში გუნდური 1-ლი ადგილი აიღეს.