შსს-ს მომსახურების სააგენტომ ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ის დელეგაციას უმასპინძლა და შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა მოლაპარაკების შედეგები საზოგადოებას გააცნეს. როგორც მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ოთარ დანელიამ განაცხადა, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ფასი არ შეიცვლება და მსუბუქი ავტომობილებისთვის 48 ლარს არ აღემატება. კომპანია საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობის სავალდებულო, პერიოდულ ტესტირებას განახორციელებს. საერთაშორისო კომპანია TUV Rheinland Group-ის დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარესთან ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების სისტემის შემოღების მოსალოდნელ და სასურველ შედეგებსა და ასევე, სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს და შეთანხმდნენ პერიოდული ტესტირების შემოღების ძირითად პრინციპებზე. მათ იმ მოთხოვნებზეც ისაუბრეს, რომლებიც აღნიშნული მომსახურების საქართველოში დანერგვისთვისაა აუცილებელი. ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში საერთაშორისო კომპანიის დელეგაციის წევრებმა მიმდინარე კვირაში მომსახურების სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და აკრედიტაციის ცენტრის წარმომადგენლებთან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე პერიოდული ტესტირების პროექტის განსახორციელებელად დეტალები განიხილეს.
გერმანული კომპანია TUV Rheinland Group-ი 1872 წელს დაარსდა და დღეს ტექნიკური უსაფრთხოებისა და სერთიფიცირების სფეროში მსოფლიოს 65 ქვეყანაში ლიდერობს და მისი წლიური ბრუნვა არის 1,6 მილიარდი ევრო. კომპანიას მინიჭებული აქვს უმაღლესი ხარისხის ნიშანი ისეთ მომსახურებებში, როგორებიცაა: ავტომობილების რეგისტრირება, მართვის მოწმობების დამზადება და სხვა მომსახურებები.