შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველო განყოფილების მაშველებმა ლიფტში ჩავარდნილი გოგონა გადაარჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ქალაქ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ლიფტის შახტაში, მე-8 და მე-9 სართულებს შორის, გაიჭედა მოქალაქე და ითხოვს დახმარებას.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველო განყოფილებიდან სამაშველო ჯგუფი სპეციალური აღჭურვილობით. ადგილზე ასევე მობილიზებული იყო ქალაქ ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
შსს-ს მაშველების ორგანიზებით, ერთობლივად ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით, მოხერხდა ლიფტის შახტიდან 21 წლის გოგონას გამოყვანა. დაშავებული გადაყვანილია სტაციონარში.