შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ჯვრის უღელტეხილიდან თოვლში ჩარჩენილო ორი ლატვიელი ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112"-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ორი ლატვიელი ტურისტი ვერ ახერხებდა გამოსვლას და დახმარებას ითხოვდა.
ადგილზე დაუყოვნებლივ გაიგზავნა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფი. ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, დღის განმავლობაში მაშველები ტურისტების ადგილსამყოფელამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მაშველებს ტურისტებთან სატელეფონო კავშირი ჰქონდათ და ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. ტურისტებს კარავი ჰქონდათ გაშლილი და სამაშველო ჯგუფს ელოდებოდნენ. დღის ბოლოს შსს-ს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, ლატვიელი ტურისტები უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს.