შსს-ს მაშველები იმერეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან და გაწმენდით სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომ იმერეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა ელექტროგადამცემი ბოძები და ხეები წააქცია, შენობა-ნაგებობების სახურავები დააზიანა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 70-მდე მეხანძრე-მაშველი ოპერატიულად გამოცხადდა შემთხვევის ადგილებზე მოქალაქეების დასახმარებლად.
სტიქიის ზონიდან, მთელი რეგიონის მასშტაბით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამ დრომდე დახმარების თხოვნით 200-მდე შეტყობინება შევიდა, მათ შორის, ქუთაისიდან - 150-მდე. თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოხდა.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.