შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დარიალის ხეობაში იმყოფებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიის ადგილზე სამაშველო ოპერაციას აწარმოებენ. შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე 70-ზე მეტი მოქალაქე გადმოიყვანეს. ამ დროისთვის სამაშველო ჯგუფებს მოქალაქეები ვერტმფრენის საშუალებით გადმოჰყავთ.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში 20 აგვისტოს, გვიან ღამით, შევიდა შეტყობინება დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შესახებ. დევდორაკის მყინვარიდან მოწყვეტილი წყლიანი მასის ჩამოწოლამ მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. მდინარის წყალი საავტომობილო გზის გასწვრივ მიედინება.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან. სტიქიის ზონაში მობილიზებულია ყველა სახის მძიმე ტექნიკა. მიმდინარეობს საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომლებიც ხეობაში ჰესის სადერევაციო გვირაბში აწარმოებდნენ სამუშაოებს. შსს-ს მაშველები მათ საძიებო სამუშაოებს გვირაბის ორივე შესასვლელიდან აწარმოებენ. სრულად არიან ევაკუირებული დარიალჰესის და დარიალის საბაჟო-გამშვები პუნქტის თანამშრომლები.