შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს და შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს კახეთის რეგიონალური მთავარი სამმართველოს თანამშრომლება, აქციის – „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ – ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში თითქმის ორი წელია მონაწილეობს. უწყების სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მ. იაშვილის სახელობის კლინიკის „სისხლის ბანკი“-ს დახმარებით ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.
სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.